პატარა ლიზა
- ხანგრძლივობა
- მოსმენები
- 13K მოსმენა
შემსრულებელი
ანა ქურთუბაძე, ნინო მითაიშვილი, ანა ზამბახიძე, ნატა ბერეჟიანი, გოგა მოძმანაშვილი, გიორგი ყველაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი
ზღაპრის შესახებ
ეს აუდიო ზღაპარი, სახელწოდებით „პატარა ლიზა“, ერთ საყვარელ და თვალისმომჭრელ გოგონაზე მოგვითხრობს.\n\nიყო და არა იყო რა, იყო ამქვეყნად ერთი პატარა გოგონა, სახელად - ლიზა. გოგონა დედ-მამასთან ერთად პატარა წითელ სახლში ცხოვრობდა, შვედეთში, დელეკარლიში. დედამ საუცხოო ნარინჯისფერი კაბა შეუკერა. ლიზა ამ კაბას წითელზოლიან წინსაფართან, პატარა წითელ ქუდთან და ლურჯ შარფთან ერთად იცვამდა. მამამ კოხტა წითელი ფეხსაცმელი და შარფის ფერის ულამაზესი ქოლგა აჩუქა. ეს ყველაფერი ერთად პატარა ლიზას გასაოცარ მომხიბვლელობას ანიჭებდა.\n\n„მთელს შვედეთში ყველაზე ლამაზი გოგო ვარ“, - ფიქრობდა თავისთვის პატარა ლიზა.\n\nერთხელ დედამ მზრუნველად უთხრა: „ჩაიცვი შენი გამოსასვლელი კაბა და ახალი ფეხსაცმელი, და ბებიას სანახავად წადი. ნამცხვარი გამოვუცხვე. ტყეში ფართო ბილიკს გაუყევი, არსად გადაუხვიო და მალე მიადგები მის ქოხს“.\n\nპატარა ლიზა ენით აუწერელმა სიხარულმა შეიპყრო და აღფრთოვანებულმა ტაში შემოსცხო. სხვათა შორის, აქ არაფერია გასაკვირი: განა არ უხაროდა, მარტოდმარტო წასულიყო ბებოსთან, ტყის სიღრმეში რომ ცხოვრობდა? იქნებ კიდეც დარჩენილიყო მასთან ღამით და ისიც საოცარ, ჯადოსნურ ზღაპრებს უამბობდა! ლიზა დედას დაჰპირდა, რომ ბილიკიდან არსად გადაუხვევდა, ფრთხილადაც იქნებოდა. გამომშვიდობებისას აკოცა, კალათას ხელი დაავლო და გზას გაუდგა. ტყეში სასიამოვნო სიგრილე სუფევდა. პატარა ლიზა მხიარულად მიაბიჯებდა და ტყის ფრინველების ჭიკჭიკს უგდებდა ყურს. უკვე კარგა შორს შევიდა და ბილიკის პირას კენკრის ბუჩქი შენიშნა, ტოტები რომ უქანავებდა.\n\n„უჰ, რა კარგია! როგორ მინდა კენკრა!“ - გაიფიქრა პატარა ლიზამ და დასაკრეფად შეყოვნდა.\n\nკენკრა ისეთი გემრიელი აღმოჩნდა, რომ კრეფდა და კრეფდა. ვერაფრით მოწყდა, ხოლო რაც მეტად შორდებოდა ბილიკს, ხილი სულ უფრო მსხვილი და ტკბილი ხდებოდა. მალე ლიზა გაუვალ ბუჩქნარში აღმოჩნდა. გვიანღა გაახსენდა, რომ დედას პირობა მისცა, გზიდან არ გადაუხვევდა.\n\n„ახლა რა ვქნა?“ - წამოიყვირა შეშინებულმა გოგონამ.\n\nუცებ ბურდღუნი მოესმა, აიხედა და დაინახა, რომ უზარმაზარი დათვი უახლოვდებოდა.\n\n„ღრრრ! ღრრრ! ახლავე შეგჭამ!“ - დაიგრგვინა დათვმა მუქარით.\n\n„ძია დათვო, გთხოვთ, არ შემჭამოთ. თუ აქედან გამიშვებთ, ჩემს შესანიშნავ წინსაფარს მოგცემთ ცისფერ შარფთან ერთად“, - შეევედრა ლიზა.\n\n„კარგი. არ შეგჭამ, თუ შენს წინსაფარს და შარფს მაჩუქებ“, - დათანხმდა დათვი.\n\nპატარა ლიზამ ღრმად ამოიოხრა და წინსაფარიცა და შარფიც დათვს გაუწოდა. დათვმა ბაჯბაჯით განაგრძო გზა, თან ცხვირში დუდღუნით თვითკმაყოფილად მიიმღეროდა: „მთელს ტყეში ყველაზე ლამაზი დათვი ვარ!“\n\nსაბრალო, საბრალო პატარა ლიზა! თვალებიდან ცრემლი წასკდა. ენანებოდა ლამაზი ტანსაცმელი. თანაც, აღარ იცოდა, საით წასულიყო, იმ უღრანიდან რომ გამოეღწია. უცებ, მის ყურამდე საშინელმა ყმუილმა მოაღწია. სად იყო და სად არა, მის წინ უზარმაზარი მგელი გაჩნდა, რომელიც ტუჩებს ხარბად ილოკავდა.\n\n„ჰე-ჰე! ახლა კი შეგჭამ“, - ჩაილაპარაკა მგელმა მტაცებლურად.\n\n„ძალიან გთხოვთ, გეთაყვა. ბიძია მგელო, ნუ შემჭამთ. სანაცვლოდ კი ამ შესანიშნავ ნარინჯისფერ კაბას მოგცემთ“, - მუდარით უთხრა ლიზამ.\n\n„მაგრამ ძალიან პატარა მექნება!“ - იუარა მგელმა.\n\n„თქვენც თავზე ჩამოიცვით, თითქოს, თავშალიაო“, - მიაგნო გამოსავალს გოგონამ.\n\n„მაშ კარგი, ეს მომწონს“, - თქვა კმაყოფილმა მგელმა, კაბა თავზე წამოიცვა, ამაყად განაგრძო გზა და თან ამბობდა: „ახლა მე ყველაზე ლამაზი მგელი ვარ ტყეში“.\n\nპატარა ლიზამ გზა გააგრძელა. „აჰ, ნეტავ სახლისკენ გზა მაპოვნინა და კიდევ არა უშავს“, - ოხრავდა ის. მაგრამ ისევ უცნაური ხმაური მოესმა. ამჯერად გზად დიდი წითური მელა გადაეღობა.\n\n„აჰა! რა მშვენიერი სადილი მელის! სდექ, რადგან ახლა უნდა შეგჭამო!“ - შესძახა მელამ ხარბად.\n\n„არ გინდათ, ნუ შემჭამთ, ბიძია მელავ. თუ ხელს არ მახლებთ, სიხარულით დაგითმობთ ჩემს ჯადოსნურ ცისფერ ქოლგას“, - შეეხვეწა ლიზა.\n\n„შენი ქოლგა მართლაც მშვენიერი რამ არის. მომეცი და აღარ შეგჭამ“, - დაინტერესდა მელა.\n\nრაღას იზამდა, პატარა ლიზამ თავისი ქოლგაც დათმო, ხოლო კმაყოფილი მელა გაიქცა და თან ტრაბახობდა: „მე ახლა მთელ ტყეში ყველაზე ლამაზი მელია ვარ“.\n\nსაბრალო პატარა ლიზა, რა მწარედ ტიოდა! მთელი მისი შესანიშნავი ჩაცმულობიდან მხოლოდ წითელი ქუდი და ფეხსაცმელი შემორჩენოდა. სხვა ყველაფერი გასცა. კალათაც კი დაკარგა! ალბათ იმ ადგილას დარჩა, სადაც დათვს შეხვდა. ჩრდილები სულ უფრო და უფრო იზრდებოდნენ და უზარმაზარ შავ ტყეში ბინდი წვებოდა. ლიზამ გამბედაობა მოიკრიბა და წინ განაგრძო ხეტიალი. შავ ცაზე ვარსკვლავები ციმციმებდნენ. ტოტებს შორის გაჩრილი მთვარე კეთილად უღიმოდა გოგონას. დაღლილი ლიზა ლოდზე ჩამოჯდა დასასვენებლად. ფიქრობდა თავის დაკარგულ ნივთებზე; დედაზე, რომელიც შორს მყუდრო პატარა სახლში დარჩა; ბებიაზე, რომელიც ელოდა და ალბათ დროდადრო ფანჯრიდან იყურებოდა. საწყალი პატარა ლიზა, ტყეში დაკარგული! როგორ ტიროდა!\n\nუცებ გაიგონა, როგორ ეძახდა ვიღაც სუსტი ხმით: „რატომ ტირი, გოგონავ? თუ არ გინდა, მიპასუხო, გავიქცევი. მეჩქარება. აჰ! რა შესანიშნავი ფეხსაცმელები გაქვს! ხომ არ მომცემდი, რომ უფრო სწრაფად ვირბინო?“ - თქვა კურდღელმა და უზარმაზარი ვარდისფერი ყურები დააპარტყუნა.\n\nლიზამ თვალები გაახილა: ფეხებთან მიწას გართხმული ბოცვერი ეჯდა.\n\n„წაიღე, წაიღე, ძმობილო ბოცვერო. მე ხომ აღარსად მაქვს ჩემი ლამაზი ტანსაცმელი! აიღე და უკანა თათებზე ჩამოიცვი“, - მორჩილად თქვა ლიზამ, წითელი ფეხსაცმელები გაიხადა და ბოცვერს გაუწოდა.\n\n„დიდი მადლობა. ძალიან საყვარელი და კეთილი გოგონა ხარ. ამიტომაც, თუ გინდა, შეგიძლია, ზურგზე შემომასკუპდე და დარწმუნდე, რა სწრაფად დავდივარ“, - მადლიერებით მიუგო ბოცვერმა.\n\nპატარა ლიზა ბოცვერს ზურგზე ააცოცდა, ის კი ისე შურდულივით გავარდა, რომ ყურებში მხოლოდ ქარის სტვენა ესმოდათ. რა თქმა უნდა, ლიზა მაგრად ეჭიდებოდა ბოცვრის ბეწვს: განა ამ სიჩქარით მიწაზე დანარცხება უნდოდა! ისინი მხიარულად მიქროდნენ ტყეში, როდესაც მოულოდნელად ირგვლივ გამეფებული სიჩუმე საშინელმა ხმაურმა დაარღვია.\n\n„ოი! ესენი დათვი, მგელი და მელა იქნებიან, ჩემი შეჭმა რომ უნდოდათ. ჩანს, ერთად შეგროვილან. ჩქარა, ჩქარა გავიქცეთ აქედან!“ - შეშინდა ლიზა.\n\n„არ შეშინდე, პატარა ლიზა. თუ სათანადოდ დაიჭერ თავს, ვერავინ დაგვეწევა. ვერავინ გაბედავს, დამედევნოს. მაგრამ მოდი, ჯერ ვნახოთ, ასეთი ხმაური რატომ აუტეხავთ“, - ანუგეშა ბოცვერმა.\n\nჩუმად მიეპარნენ მინდორს, საიდანაც ეს გააფთრებული ხმები ისმოდა, და ერთ მსხვილ ხეს მიეფარნენ. პატარა ლიზამ ხის ტოტებს შორის გაიხედა და როგორ ფიქრობთ, რა დაინახა? დათვი, მგელი და მელა იმაზე დავობდნენ, ვინ უფრო ლამაზი მხეცი იყო ამ ტყეში. ხმამაღლა და სასტიკად ჩხუბობდნენ. განრისხებულებმა, ტანთ გაიხადეს და ჩხუბისთვის მოემზადნენ. მელა, ყველაზე მოხერხებული, მუხის დიდ ზროს მოეფარა. დათვი და მგელი მას დაედევნენ. დათვმა მელას სტაცა კუდში ხელი, მელამ კი - მგელს. მგელი, თავის მხრივ, დათვის მოკლე კუდს სწვდა და სამივე ხის ირგვლივ დატრიალდა, სულ უფრო მეტი აჩქარებით. სანამ ერთმანეთს დასდევდნენ, პატარა ლიზა ჩუმად მიეპარა ბალახზე დალაგებულ თავის ნივთებს და ხელში აიღო.\n\n„თუ ჩემი შესანიშნავი ჩასაცმელები არ გჭირდებათ, უკან წავიღებ“, - თქვა მან მტკიცედ. თუმცა მელა, მგელი და დათვი ერთმანეთის დევნით ისე იყვნენ დაკავებული, რომ გოგონა ვერც კი შენიშნეს. მრისხანება მეტად და მეტად ერეოდათ და, ბუნებრივია, უფრო სწრაფად ბრუნავდნენ. ისეთი სისწრაფით მოძრაობდნენ, რომ ლიზა ვეღარც არჩევდა მათ ერთმანეთისგან. ცხადია, ვერც ისინი ხედავდნენ. გოგონამ სწრაფად გადაიცვა კაბა, წინსაფარი და შარფი გაიკეთა, ქოლგას ხელი დაავლო და უკან, ხისკენ მოკურცხლა, სადაც ძმობილი ბოცვერი ელოდა.\n\n„მგონი, სჯობს, აქაურობას გავეცალოთ, სანამ დაგვინახავენ. თუ პირდაპირ ჩემს დედ-მამასთან წამიყვან, ცხელი ვაფლითა და მურაბით გაგიმასპინძლდები“, - ეშმაკურად უჩურჩულა ლიზამ.\n\n„შესანიშნავი წინადადებაა. თანახმა ვარ“, - უპასუხა ძმობილმა ბოცვერმა და უფრო სწრაფად გაქროლდა, ვიდრე მანამდე.\n\nსულ მალე პატარა ლიზის სახლთან გაჩნდნენ. წარმოიდგინეთ, როგორ გაუკვირდებოდა დედას, თავის ქალიშვილს ბოცვერზე ამხედრებულს რომ დაინახავდა. მაგრამ უფრო მეტად ლიზას ნაამბობმა გააოცა.\n\n„ხედავ, რა შეიძლება მოხდეს, როცა არ დაგვიჯერებ? შენ ხომ მთავარი ბილიკიდან არ უნდა გადაგეხვია, ლიზა“, - მკაცრად დაარიგა გოგონა დედამ.\n\nთუმცა, იმით ბედნიერი, რომ შვილი საღ-სალამათი დაუბრუნდა, ყველაფერი აპატია და ალერსიანად უთხრა: „მოდი, შენი შესანიშნავი დაბრუნების დღესასწაული მოვაწყოთ. ხომ დაჰპირდი შენს ძმობილ კურდღელს, რომ ვაფლითა და მურაბით გაუმასპინძლდებოდი, ვფიქრობ, ნამდვილ ვაფლის დღესასწაულს მოვაწყობთ.“\n\nქურა გააცხელა და სულ მალე მთელი სახლი ვაფლის საამო სურნელით აივსო. ვაფლის მთელი მთა დაახვავა, ხოლო როცა ყველაფერი გამზადდა, პატარა ლიზა, დედა, მამა და მათი ახალი მეგობარი, ძმობილი ბოცვერი, ვახშმად დასხდნენ. ისეთი გემრიელი იყო ვაფლი! პირში რა საამოდ ხრაშუნობდა! ძმობილმა კურდღელმა ორმოცდაცხრამეტი ცალი შეჭამა, დედამ - სამოცდაათი, მამამ - ოთხმოცდაორი. რაც შეეხება პატარა ლიზას, ის ისე დამშეულიყო, რომ მთელი ას ოცდაცამეტი ვაფლი მიირთვა! წარმოგიდგენიათ?






